Wednesday, October 22, 2008

იზოლდა ჯმუხაძე

დავიბადე თბილისში 1963 წლის 28 მაისს(დედაჩემის დაბადების დღეს).ბაღში არ მივლია,რადგან თურმე ტირილით მოვიკალი თავი.ლექსს არ ვამბობდი ხმამაღლა და არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.
1969 წელს მე-16 საშუალო სკოლაში დავიწყე სწავლა.(ეს იყო პირველი ნული კლასი,რომელიც მთელი წელი სწავლობდა).ჩვენი ბავშვობა იყო ნათელი და უღრუბლო,ხალისიანი და საინტერესო.ვსწავლობდი მე-15 მუსიკალურ სკოლაში,საფორტეპიანო განყოფილებაზე.ხალხურ საკრავებს გვასწავლიდა ბატონი შერმადინ დარჩიაშვილი და ბატონი ბორის ნონიკაშვილი.ჩვენი ხალხური საკრავების ორკესტრი აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა ღირსშესანიშნავ ღონისძიებაში.1977 წელს ჩვენი ხალხური ტრიო მიიწვიეს კიევში ლენინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ საკავშირო გალა კონცერტზე.არასოდეს დამავიწყდება აღვდგომა დღეს კიევში როგორ გადაგვარჩინა, ქართულმა აქცენტმა და სტუმრის სტატუსმა, მაშინდელი მთავრობის იმ წარმომადგენლებისაგან,ვინც იმ სკოლის მოსწავლეების გამოსავლენად და დასასჯელად იყო მოსული ტაძარში,ვინც ეკლესიაში დადიოდა.
ჩვენს თაობას ახსოვს 1977 წელი, როცა ქართული ენის შენარჩუნებისათვის იბრძოდა ქართველი ერი.
1980 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა.
ვმუშაობდი სხვადასხვა დაწესებულებებში,სანამ არ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ფილოლოგიის ფაკულტეტის,დღის განყოფილებაზე. 1985-1990 წლებში ჩვენი ფაკულტეტი იყო ეროვნული მოძრაობის სული და გული.
არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა,რომელშიც ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა.9 აპრილს ძლივს გადავრჩით ცოცხლები.
1990 წელს ისევ დავუბრუნდი მშობლიურ სკოლას,სადაც დღემდე ვმუშაობ მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.
1992 წელს გავთხოვდი ცხინვალის სოფელ თამარაშენში და ა.წ.9 მაისს დაიწვა ჩვენი საცხოვრებელი სახლი,ამიტომ ისევ თბილისში დავრჩით საცხოვრებლად,მაგრამ მაინც დავუბრუნდით მშობლიურ კერას და აღვადგინეთ(მთავრობაც დაგვეხმარა)დამწვარი სახლი.ამ ზაფხულს სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში.
მყავს ქმარი და სამი შვილი.ჩემმა ოჯახმა ამ ზაფხულს ნახა ომის ნამდვილი სახე.